თუ ხუთშაბათობით ჩვენს ოფისში გამოივლით, აუცილებლად გაიგონებთ გარჩევებს იმაზე, თუ ვისი „სმეში“ იყო უკეთესი ან რატომ ვერ მოვახერხეთ იმ ერთი ბურთის მოგერიება. პადელმა აფგეიმინგი მალე დაიპყრო. მართალია, ყოველ კვირას ვთამაშობთ, მაგრამ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, მასშტაბური ტურნირი მოგვეწყო და შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა.
კორტზე 27 გუნდი გამოვიდა, სულ 54 თანამშრომელი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, გამოცდილი მოთამაშე იყავი თუ ჩოგანი პირველად გეჭირა ხელში - ყველა ბოლომდე იბრძოდა.
ყველაზე სასიამოვნო სანახავი მაინც გულშემატკივრები იყვნენ. მათ, ვინც არ თამაშობდა, ნამდვილი სპორტული გარემო შექმნეს კორტების გარშემო. მათი ემოციები მოთამაშეებს ძალას აძლევდა, რომ ყველაზე რთულ ბურთებზეც ეთამაშათ. ასეთი მომენტები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მაგარი გუნდი ვართ.
ლეგენდარული „მესამე ტაიმი“
ტურნირი ფინალური ქულით არ დასრულებულა. ჩოგნები გვერდზე გადავდეთ და დღის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, „მესამე ტაიმზე“ გადავედით. ერთად აღვნიშნეთ გამარჯვება და ყველა საინტერესო მომენტი კიდევ ერთხელ განვიხილეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგო თასი და ვინ პირველივე წრეში გამოეთიშა თამაშს, ბოლოს მაინც ყველა გამარჯვებული იყო.