თუ ფიქრობთ, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია, ესე იგი Upgaming-ის ბოლო ივენთი გამოტოვეთ. ერთ დღესაც ოფისში მოსულ თანამშრომლებს 2026 წლის ნაცვლად, ნამდვილი, ავთენტური და ცოტათი გიჟური 90-იანი წლები დაგვხვდა. „შუქი მოვიდა“, ოღონდ ამჯერად ნოსტალგიის, მუსიკისა და დაუვიწყარი გართობის სახით.
ოფისში ფეხის შედგმისთანავე ყველამ იგრძნო, რომ გარემო რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვე ტექნიკა ჩაანაცვლა ძველმა, მძიმე ტელევიზორებმა და მაგნიტოფონებმა, რომლებიც კასეტების ფანქარს ითხოვდნენ. კედლებზე გაკრულმა იმ ეპოქის საკულტო პოსტერებმა, ანტიკვარულმა ტელეფონებმა და რეტრო ავეჯმა სხვა სამყაროში გადაგვიყვანა. ყველაზე გემრიელი დეტალი კი, რა თქმა უნდა, გაზეთში შეხვეული მზესუმზირა იყო, რომლის გარეშეც 90-იანების უბნის „ბირჟა” წარმოუდგენელი იქნებოდა.
დრესკოდს აპგეიმინგის გუნდმა, ჩვეული ენთუზიაზმით, უმაღლეს დონეზე უპასუხა. ოფისში ნახავდით შავებში ჩაცმულ ბიჭებს და ფერადი სპორტულებითა და ტყავის ქურთუკებით შემოსილ თანამშრომლებს. განსაკუთრებული ყურადღება კი კონკრეტულმა პერსონაჟებმა მიიპყრეს – დერეფნებში ერთდროულად შეხვდებოდით იარაღასხმულ მხედრიონელს, თავად ედუარდ შევარდნაძეს და ეზო-ეზო მოსიარულე ნაყინის გამყიდველს.