ჩვენს ივენთების კალენდარში სპორტული აზარტისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. შესაბამისად კომპანიაში პადელის მესამე, ყველაზე მასშტაბურმა ტურნირმაც არ დააყოვნა. ეს დინამიური სპორტი უკვე დიდი ხანია აპგეიმინგის ლაინაფის ერთ-ერთი ფავორიტია. კომპანიაში ოფიციალურად არსებობს პადელის შიდა კლუბიც, სადაც თანამშრომლები კვირის განმავლობაში რეგულარულად თამაშობენ, თუმცა უკვე ტრადიციული ჩემპიონატი სრულიად განსხვავებულ მუხტსა და მოლოდინს აჩენს.
მოთამაშეების რაოდენობა და ინტერესი ტურნირიდან ტურნირამდე იზრდება. ამჯერად კორტებზე ანშლაგი გვქონდა, ერთმანეთს 38 წყვილი დაუპირისპირდა.
ტურნირი დრამატული ფინალური მატჩებით გამოირჩეოდა, სადაც ტოპ 3 საუკეთესო წყვილი გამოვლინდა. აპგეიმინგმა გამარჯვებულებისთვის დამსახურებული ფულადი ჯილდოებიც დააწესა: პირველი ადგილის მფლობელებს 5 000₾ გადაეცათ, მეორე ადგილზე გასულ წყვილს - 3 000₾, ხოლო მესამე ადგილის მფლობელებს 2 000₾ შეხვდათ. თუმცა, ფულად პრიზებზე მეტად, მოედანზე მოპოვებული ჩემპიონის სტატუსი და ის დაუვიწყარი ემოციები ფასობდა, რომელიც ამ დღეებმა მთელ გუნდს აჩუქა.
ჩვენთვის მსგავსი შიდა ჩემპიონატები საუკეთესო საშუალებაა ჯანსაღი კონკურენციისთვის, გუნდური სულისკვეთების გაძლიერებისთვის და იმის გააზრებისთვის, რომ კორტებზე მიღებული შეთამაშება და ერთმანეთის უსიტყვოდ გაგება ყოველდღიურ სამუშაო პროცესშიც აისახება. აპგეიმინგის პადელის მესამე ტურნირი დასრულდა – მომავალ სპორტულ გამოწვევებამდე!