მიუხედავად იმისა, რომ აპგეიმინგის გუნდი შიდა აქტივობებით განსაკუთრებულად დატვირთულია და ჩვენი კალენდარი სხვადასხვა ივენთებითაა სავსე, არის ტრადიციები, რომლებსაც ყველა დიდი ენთუზიაზმით ელოდება. ჩვენი ინტელექტუალური მარათონი, ლეგენდარული თამაში „რა? სად? როდის?“ ოფიციალურად დაბრუნდა.
ამჯერად ჩემპიონატი ბევრად უფრო მასშტაბური და აზარტული აღმოჩნდა. სათამაშო მაგიდების ირგვლივ 16 გუნდი და 100-მდე თანამშრომელი გაერთიანდა, რომლებმაც ყოველდღიური საოფისე რუტინა სრულფასოვან ინტელექტუალურ ბრძოლად აქციეს. რაც მთავარია, კვლავ გვყავდა სპეციალურად მოწვეული „ბატონი წამყვანი“, რომელმაც თამაშს ნამდვილი, ავთენტური ატმოსფერო შემატა.
დარბაზში ნამდვილი ემოციური აფეთქება იყო. წამები გადაწყვეტილების მისაღებად, წუთიანი გუნდური მსჯელობა, კამათი, ლოგიკური ჯაჭვის ძიება და ის უსაზღვრო სიხარული, რომელიც ყოველ სწორ პასუხს და „ბროლის ბუს“ მოახლოებას ახლდა თან. ეს ივენთი არის საუკეთესო სივრცე იმისთვის, რომ გამოვცადოთ ჩვენი კრიტიკული აზროვნება, გავაძლიეროთ გუნდურობა და შევქმნათ ისეთი საერთო მოგონებები, რომლებიც სამუშაო საათებსა და პროექტებს მიღმა გვაერთიანებს.
საღამოს დასასრულს, დაძაბული ფინალის შემდეგ, გამარჯვებულებმა დამსახურებული პრიზები და რა თქმა უნდა, ბროლის ბუ მიიღეს. თუმცა, მთავარი მოგება მაინც ის საოცარი ენერგია აღმოჩნდა, რომლითაც მთელი გუნდი დაიმუხტა. აფგეიმინგის ინტელექტუალურმა კლუბმა მორიგი სეზონი წარმატებით დახურა, ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საუკეთესო ტექნოლოგიური პროდუქტების მიღმა ყოველთვის დგანან ადამიანები, რომლებსაც საერთო ინტერესები, საინტერესო ისტორიები და დაუვიწყარი ემოციები აკავშირებთ.