ჩვენი გუნდის წევრების ისტორიები იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია, რომ მათ შორის საერთო ხაზის პოვნა ხშირად რთულია. თუმცა, თუ ჩვენს ლაინაფს კარგად დავაკვირდებით, ერთ მთავარ თვისებას დავინახავთ - ეს არის რაღაც ახალის შექმნის დაუცხრომელი ენერგია. ამ ენერგიით იწყება ნიკა სირაძის ისტორიაც, რომელიც აფგეიმინგს თინეიჯერობის ასაკში შემოუერთდა.
— ნიკა, როგორ დაიწყო შენი ისტორია და რა გზა გაიარე Upgaming-ში მოსვლამდე?
ჩემი გზა საკუთარი სტარტაპითა და მეგობრებთან ერთად დაწყებული ექსპერიმენტებით დაიწყო. ჩემს ადრეულ პროექტებს შორის ყველაზე საინტერესო გამოწვევა საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა იყო. ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი, როცა აფგეიმინგის გუნდს შემოვუერთდი და უკვე სამი წელია, აქ ვარ. ამ პერიოდში მთავარი, რაც ვისწავლე, ისაა, რომ კოდის წერა მხოლოდ პროცესია - ჩემი აზრით, ნამდვილი ღირებულება იმ პროდუქტის შექმნაშია, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას რეალურად გაუმარტივებს. ვფიქრობ, ვიპოვე გარემო, სადაც ჩემი ენთუზიაზმი ჩარჩოებში მოქცევის ნაცვლად, კიდევ უფრო გაძლიერდა.
— როგორ განმარტავ შენს პროფესიას და რა არის შენი მთავარი ფუნქცია გუნდში?
როცა ვინმე ჩემს პროფესიაზე მეკითხება, ასე ვხსნი: მე ვარ ის, ვინც იდეასა და მომხმარებელს შორის ყველაზე მოკლე ტექნიკურ გზას აშენებს. ფაქტობრივად, იდეების ენას მომხმარებლის გამოცდილების ენაზე ვთარგმნი. ვპოულობ იმ წერტილებს, სადაც პროდუქტი შეიძლება გაუმჯობესდეს, შემდეგ კი გადაწყვეტებს ვქმნი, რომლებსაც ადამიანები პრაქტიკაში გამოიყენებენ.
ბევრს ჰგონია, რომ Growth Engineer-ობა მხოლოდ მარკეტინგია, თუმცა ჩემთვის ეს სფერო უფრო პროდუქტის ფსიქოლოგიასა და ინჟინერიას შორისაა. მარკეტინგი ხომ მხოლოდ მაშინ იწყება, როცა პროდუქტი უკვე მზადაა.
— როგორია შენი სამუშაო გარემო და ყოველდღიური რიტმი Upgaming-ში?
ჩემი სამუშაო დღე მკაცრ ჩარჩოებში არ ჯდება, ის პრიორიტეტების დალაგებითა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებით იწყება. ჩემთვის პრიორიტეტია ეფექტური შეხვედრები, ყველაფერ დანარჩენში უპირატესობას ასინქრონულ კომუნიკაციას ვანიჭებ.
სხვათა შორის, აქ ახალი ჰობიც აღმოვაჩინე. აპგეიმინგში პადელის კლუბი გვაქვს და კვირაში ორჯერ, სამსახურის შემდეგ, თანამშრომლებთან ერთად ვთამაშობ. სხვა აქტივობშიც ვარ ჩართული, თუმცა ეს მაინც ჩემი ფავორიტია, რომ თანამშრომლებთან ერთად ცოტა განიტვირთო და სამუშაო დღე კარგ ხასიათზე დაასრულო.
— რა მეტაფორას გამოიყენებდი შენი მუშაობის სტილის აღსაწერად?
ჩემს სამუშაო რიტმს ყველაზე მეტად პროგრესიულ როკს და Pink Floyd-ის "Time"-ს შევადარებდი. ეს მუსიკა მახსენებს, რომ დრო გადის, როცა ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ კეთების ნაცვლად. პროცესი კი Minecraft-ს ჰგავს - იწყებ ნულიდან, გზაში სწავლობ ყველაფერს და ცდილობ მაქსიმალურ ავტომატიზაციას.
— რა არის შენი მთავარი მოტივატორი იმ დღეებში, როცა პროდუქტიულობა დაბალია?
ჩემი მოტივაცია ყოველდღიური პროგრესის განცდაა. მაშინაც კი, როცა თითქოს ყველაფერი მეზარება, მაინც ვცდილობ, რომ ყოველდღე რაღაც ახალი გავაკეთო - ისეთი რამ, რაც ჩემს მიზნებთან რამდენიმე ნაბიჯით უფრო ახლოს მიმიყვანს.
— დაასრულე წინადადება: “ცხოვრება Upgaming-ში ჰგავს…”
ცხოვრება აფგეიმინგში ჰგავს Figma-ში ცხოვრებას. ადგილი, სადაც იდეები Wireframe-იდან ერთ კვირაში რეალობად იქცევა და გიტოვებს განცდას: Holy shit, this is real.